თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა. სხდომას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.
კომისიის სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტს ახალი ქვეპროგრამა - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება ემატება, რომელიც 500,0 ათასი ლარით განისაზღვრება. ქვეპროგრამა, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. წარმოდგენილ პროექტში, ასევე გათვალისწინებულია ცვლილება შემდეგი პროგრამების დაფინანსებაში. იზრდება: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია 1 300,0 ათასი ლარით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება 402,6 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები ჩუღურეთის რაიონში 131,5 ათასი ლარით, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 349,6 ათასი ლარით.
“დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის დაწყება ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც აღნიშნული ოპერაციის საჭიროების მქონე ადამიანების მდგომარეობას ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6000 ლარი განისაზღვრება. პროგრამის მიმდინარე ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება. ჩვენი მიზანი უპირველეს ყოვლისა, თანამოქლაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც მათი კეთილდღეობის გარანტიაა“,-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
აქვე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ზურაბ ჩიკვილაძემ ახალშობილთა სკრინინგის პროცესში, სიმპტომების გამოვლენამდე დიაგნოსტიკის როლზე და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის სამომავლო ჩართულობის პერსპექტივაზე ისაუბრა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, ექიმი გენეტიკოსი, პედიატრი ლალი მარგველაშვილი, რომელმაც ახალშობილთა მეტაბოლური და მემკვიდრული დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე აქცენტი გააკეთა მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, შეუქცევადი პროცესების განვითარებაზე, რაც ძირითადად ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით ვლინდება. ლალი მარგველაშვილმა ახალშობილთა სკრინინგის გაფართოვებაზე საუბრისას, საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
კომისიის სხდომაზე დამსწრეებმა ახალშობილთა სკრინინგის საჭიროებაზე, სკრინინგ ტესტების უვნებლობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული სკრინინგზე უარის თქმა. ახალშობილთა სკრინინგი თავის მხრივ გულისხმობს დაავადებების სიმპტომების გამოვლენამდე აღმოიფხვრას ბავშვებში განკურნებადი თანდაყოლილი დაავადებები, რაც მძიმე დაავადებების თავიდან აცილების საწინდარია.
"ახალშობილთა მეტაბოლური და მემკვიდრული დაავადებების სკრინინგის ჩამონათვალში ძირითადად ისეთი თანდაყოლილი დაავადებები შედის, რომელთა დროული, ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია თითქმის სრული გამოჯანმრთელება. ახალშობილთა სკრინინგი, მომავალში საჭირო მკურნალობის ეფექტურობის წინაპირობა და ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობის საუკეთესო პრევენციაა",-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.