თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, ჰოსპიტლების ქსელ „მედიქანა საქართველოს“ რეგიონულ პარტნიორებთან მეჰმეტ ფატიჰ თურანთან და ანა ქათამიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას, რომელზეც ჰოსპიტლების საერთაშორისო ქსელის საქმიანობაზე ისაუბრეს, საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ჯარიაშვილიც ესწრებოდა.
ზურაბ ჩიკვილაძემ სტუმრებს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და იმ მუნიციპალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც თბილისის მერია ახორციელებს.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მზად ვართ ერთობლივი პროექტების განხილვისა და შემდგომში მათი განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და უახლოეს მომავალში მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.