თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან, მის მოადგილეებთან- მარიამ ჰოშეკთან, მარიანა ჩაპკოვასთან, ასევე ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან ერთად ა(ა)იპ “მშობელთა ხიდს” ეწვია.
სტუმრებს ცენტრის თავმჯდომარემ თეონა ყაჭეიშვილმა, შშმ პირთა დღის ცენტრის მენეჯერმა ლელა ღუდუშაურმა და ფსიქოლოგმა მარიამ ხასაიამ უმასპინძლეს.
ზურაბ ჩიკვილაძემ მასპინძლებთან ერთად ჩეხ სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა და აღნიშნული ორგანიზაციის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის“ მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საზოგადოებაში ინკლუზიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაა.
დღესვე მუსიკალური და მუსთერაპიული მეთოდების გამოყენების მხრივ ორგანიზაციის გამოცდილების თაობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ამ სფეროში წარმატებული მუშაობის შედეგად შეიქმნა და ეფექტიანად ფუნქციონირებს „პარაორკესტრი“ და „მუსთერაპიული ცენტრი“.
დასასრულს, მომსახურების მიმღებმა ბავშვებმა სტუმრებს საჩუქრად საკუთარი ნახატები აჩუქეს, რის შემდეგაც ისინი პარაორკესტრის წევრების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ.