13 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ანა კაკაბაძესთან ერთად თბილისის 191-ე და 163-ე საჯარო ბაგა-ბაღებში მდებარე სოციალური მზრუნველობის სააგენტოებს ეწვია.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელმძღვანელს დავით დოლიძეს და სოციალურ მუშაკებს შეხვდნენ. მათ სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნენ.
შეხვედრაზე საუბარი სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების გადამზადების ხარისხსა და საქმიანობასაც შეეხო და აღინიშნა, რომ სოციალური მუშაკების ვიზიტი უკვე 146 210 ოჯახში განხორციელდა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების და თავისუფლების მიზნით გატარებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული და გამორჩეული თემაა. თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამა კი უმნიშვნელოვანესი. სოციალური მზრუნველობის სააგენტო ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაშია ჩართული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება, კოორდინირება, ადმინისტრირების უზრუნველყოფა ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროცესია. სოციალური მზრუნველობის სააგენტო ოპერატიულად პასუხობს სისტემაში არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად, ბავშვებზე ზრუნვის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კი თითოეული ჩვენგანის ვალია. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სააგენტოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 30 სამოქმედო უბანი აქვს გახსნილი, რომლებიც საბავშვო ბაგა-ბაღებშია განთავსებული.