14 ნოემბერი 2022
უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად საქართველოს უსინათლოთა კავშირს ეწვია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ სოფო ხუციშვილმა უმასპინძლა. მან სტუმრებს კავშირის სტრუქტურასა და საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა, მისი არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საკრებულოს წევრებს კავშირის სამომავლო გეგმები გააცნო.
ამასთან ერთად, შეხვედრაზე უსინათლოთა კავშირის წევრებმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალურ ქვეპროგრამებზე ისაუბრეს და ყურადღება უსინათლოების წინაშე არსებულ ზოგად გამოწვევებზე გაამახვილეს.
„საზოგადოების განვითარებაში დიდია უსინათლო ადამიანების მიერ შეტანილი წვლილი. შესაბამისად, უსინათლოთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. თბილისის მერია უსინათლო პირებისთვის სხვადასხვა მუნიციპალურ ქვეპროგრამებს ახორციელებს. მათი ცხოვრების ხარისხის გაზრდის პროცესში, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.