აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრს „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ეწვია.
ზურაბ ჩიკვილაძე და გელა ჩივიაშვილი ცენტრის დამფუძნებელს მაია ბიბილეიშვილს, მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებს შეხვდნენ და „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპს გაეცნენ. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს გარემო, სადაც ბავშვები და მოზარდები თერაპიას გადიან.
“სარეაბილიტაციო ცენტრი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ პროგრამაში წელს ჩაერთო და 18 წლის ასაკის ზემოთ ბენეფიციარებს მოემსახურება. “აუტიზმის სპექტრის მქონე დარღვევის ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მაშინ მისი ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული და მათ ორი ცენტრი ემსახურებოდა. საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩართვა 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეეძლოთ, 2020 წლიდან კი მათი ასაკი 18 წლამდე გაიზარდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი, მოზარდი და საჭიროების მქონე პირი სერვისების მიღმა არ დარჩეს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღსანიშნავია, რომ წელს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობა იზრდება. მათ კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” დაემატება და პროგრამას სულ რვა დაწესებულება მოემსახურება. პროგრამის ბიუჯეტი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. პირველი აპრილიდან, ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170–ით გაიზრდება და 1545 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება.