ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, თუბა ოზუთოქთან, ერთად დღის ცენტრ „მშობელთა ხიდს“ ეწვია.
დღის ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი ანა კაკაბაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია.
სტუმრებმა ცენტრში მუსიკალურ-თერაპიული ოთახი გახსნეს, რომელიც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ჩართულობით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის დახმარებით გარემონტდა.
ამიერიდან ცენტრის ბაზაზე მოქმედი ამიერკავკასიაში არსებული ერთადერთი პარაორკესტრის წევრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მუსიკალურ-თერაპიული ოთახით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
„ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) და არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ჩვენი პატარებისა და მოზრდილებისთვის გაიხსნა მუსიკალური ცენტრი თავისი აღჭურვილობით, რომელიც „მშობელთა ხიდს“ გადმოეცა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პატარებისა და მოზრდილებისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ცენტრში უამრავი კარგი კომპოზიცია აჟღერდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სტუმრებს პარაორკესტრის წევრებმა მუსიკალური ნომრებისგან შემდგარი პროგრამა წარუდგინეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებიც დაათვალიერებინეს.
გარდა ამისა, სტუმრებმა ცენტრის ხელმძღვანელ თეონა ყაჭეიშვილთან ერთად ის გარემო დაათვალიერეს, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიულ მომსახურებას გადიან. გაიმართა საუბარი ბენეფიციართა საჭიროებებზე, მუსთერაპიის მეთოდის უნივერსალურობაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოქმედი მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე.