თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ლევან აბაშიძესთან და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „რეჰაბს“ ეწვია.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელებთან, მარინა შიშნიაშვილთან და სალომე ნიკურაძესთან ერთად, ის გარემო დაათვალიერეს, რომელშიც ბავშვები და მოზარდები მათთვის საჭირო სხვადასხვა თერაპიას გადიან. სტუმრები ასევე „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპს გაეცნენ და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან ერთად ბენეფიციართა საჭიროებებზე ისაუბრეს.
„უმნიშვნელოვანესია პროგრამა, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების გაზრდით, შესაბამისად იზრდება მოსარგებლეთა რაოდენობა. მსგავსი ორგანიზაციების და დღის ცენტრების არსებობა ბენეფიციართა კეთილდღეობის და სრულფასოვანი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე პროგრამის ვაუჩერის ღირებულების ზრდაა. ყოველთვიურად პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. თუ გასულ წელს პროგრამის ბენეფიციარებისთვის 4 800 ლარი იხარჯებოდა, ამიერიდან თითოეული მათგანისთვის 5 400 ლარი იქნება გამოყოფილი. წარმატებებს ვუსურვებ ყოველ ახალ წამოწყებას და აქტივობებს, რომლებიც ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობას ემსახურება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობა ამჟამად გაზრდილია. პროგრამის ბიუჯეტმა ექვს მილიონ ლარს გადააჭარბა, მოსარგებლეთა რიცხვი კი 300-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო სერვისების დაფინანსებას პროგრამით მოსარგებლე 1850 ბენეფიციარი მიიღებს. წელს სერვისის მიმწოდებელ რვა დაწესებულებას კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი - „რეჰაბი“ - დაემატა, რომელიც სერვისების მეცხრე მიმწოდებელი გახდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023