თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან, ერთად „ევექსის“ ახალი ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
„ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ სტუმრებს ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის გარემო დაათვალიერებინა, სადაც ბავშვები და მოზარდები ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებას და განვითარებისთვის ყველა საჭირო სერვისს მიიღებენ.
თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული ნეიროგანვითარების ცენტრი ბავშვებისთვის კლინიკურად გამართული, სრულფასოვანი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
„ევექსის“ ახალი ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩაერთვება და პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს და მოზარდებს საჭირო სერვისებს მიაწოდებს.
„ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „ევექსის“ ახლადგახსნილ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრში ბავშვები და მოზარდები ევროპულ სტანდარტს მორგებულ, სრულფასოვან და სისტემაში მოყვანილ მომსახურებას მიიღებენ. ბავშვთა ჰარმონიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათ საჭიროებებს მორგებული გარემოს შექმნა. ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი ხელშეწყობა ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. წარმატებას ვუსურვებ ყველას ამ კეთილ საქმეში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღსანიშნავია, რომ „კარავში“ ფუნქციონირებას „მშობელთა სკოლაც" დაიწყებს, სადაც მშობლები ბავშვთა და მოზარდთა საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში ჩაერთვებიან.