20 ივნისი 2023
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად, "ევექსი კლინიკების" დირექტორს გიორგი გორდაძეს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული სამუშაო შეხვედრა ზურაბ ჩიკვილაძემ გახსნა და ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი პროგრამების შესახებ ისაუბრა. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მუნიციპალური პროგრამებიც მიმოხილა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს და განსაკუთრებული ყურადღება "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე" გაამახვილა.
თავის მხრივ, დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე "ევექსი კლინიკების" დირექტორმა გიორგი გორდაძემ, აღნიშნულ მუნიციპალურ პროგრამაში "ევექსის"ჩართულობის პერსპექტივის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობით, აქტივობების განხორციელება შესაძლებელი იქნება.
"თბილისის მუნიციპალიტეტის "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის" მიმწოდებელთა რაოდენობის გაზრდით, ამ პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება. ამ პროცესში ერთობლივად გაწეული მუშაობის შედეგი კი ბენეფიციართათვის კიდევ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილებების საწყისი იქნება. მივესალმები "ევექსი კლინიკების" ინიციატივას, რაც "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში სამომავლო ურთიერთობის დაგეგმვას მოიცავს და წარმატებებს ვუსურვებ,"- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.