დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.
ღონისძიებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის დაბა წყნეთის საუბნო განყოფილებაში შედგა, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი და ამავე რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკა სულ 222 ოჯახს, მათ შორის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მონაცემთა ერთან ბაზაში მოგვიანებით დარეგისტრირებულ 40 ოჯახსაც გადაეცა.
„დღევანდელი ღონისძიების ბოლო, მესამე ეტაპი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიმართა და დღეს საოჯახო ტექნიკა დაბა წყნეთში მცხოვრებ კიდევ თვრამეტ ოჯახს გადავეცით. მიუხედავად სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობისა, აქციის მიღმა არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა,“-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საქველმოქმედო აქციის საფინალო ეტაპს, რომელიც საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შუამდგომლობით და ამერიკული დონორი ორგანიზაციის „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა, ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში პეთ და ქორლა მაქფარლენები, ასევე საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სამდივნოსა და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.