თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს ეწვივნენ.
ცენტრში, რომელიც პროფესიონალი ექიმებითაა დაკომპლექტებული, პაციენტთა დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით ხდება.
გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ღვაწლმოსილ ექიმს გულის მსოფლიო დღე მოულოცეს და კარდიოლოგიაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,დღეს, მსოფლიო გულის დღეს აღნიშნავს. ცნობილ ქართველ კარდიოლოგს, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შემქმნელსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს და ყველა მის კოლეგას ვულოცავ გულის საერთაშორისო დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. დაე, კიდევ დიდხანს და ჩვეული შემართებით გაეგრძელებინოს ქალბატონ გულიკოს საყვარელი საქმე’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გულის მსოფლიო დღე ღვაწლმოსილ ექიმს ზურაბ ჩიკვილაძემ მიულოცა და კიდევ არაერთი წარმატება უსურვა.
"დღეს, გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს ვეწვიეთ. ჩემთვის დიდი პატივია საუკუნის ექიმად წოდებული ქალბატონი გულიკოსთვის ამ დღის მილოცვა, რომლის მრავალ ჯილდოს შორის, ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანების სიყვარულია. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცენტრის მთავარი გზავნილია. კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება, მკურნალობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქველმოქმედებაა, არაერთი სიცოცხლის გადარჩენის წინაპირობაა.
ვულოცავ ქალბატონ გულიკოს დღევანდელ დღეს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ვუსურვებ."-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გულის მსოფლიო დღე 1999 წლიდან აღინიშნება,რომელიც ჯანმრთელობის გლობალური კამპანიაა. მთავარი მიზანი კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, წარმოშობის მიზეზების და მათი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.