თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ ბრიტანული ორგანიზაცია ,,ვესტმინსტერის ფონდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე შშმ პირთა საკითხებზე მუშაობასა და სტრატეგიის განვითარებაზე ისაუბრეს.
გიორგი ბირბიჩაძემ და ქეთევან ჯოხაძემ ,,ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის" წარმომადგენლებს დედაქალაქში შშმ პირების ინტერესების დაცვის კუთხით განხორციელებული პროგრამები გააცნეს და გაერთიანებულ სამეფოში ამ მხრივ არსებული გამოცდილების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე საუბარი შედგა შშმ პირების დასაქმების კანონმდებლობის გადახედვასა და სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც შეღავათებსა და წახალისებას გულისხმობს.
როგორც გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, შშმ პირებისთვის ქალაქის ადაპტირება ეს არის გამოწვევა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობის წინასაარჩევნო დაპირება სრულდება, რომელიც თბილისის ინკლუზიურ ქალაქად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ორგანიზაცია ,,ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის" სხვადასხვა ინსტიტუციაში დემოკრატიის არსებობის ხელშეწყობაზე მუშაობს და ფონდის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკრებულოს წარმომადგენლებმა მათთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და გამოცდილების გაზიარების გზებზე იმსჯელეს.
საკრებულოს დეპუტატებსა და ფონდის წარმომადგენლებს შორის სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.