26 ივნისი 2018
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე, კომისიის წევრებთან ერთად ორხევის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა, სადაც იქ მცხოვრები ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მდებარე 75 ბინიან სოციალურ საცხოვრისში ამჟამად 23 ოჯახი ცხოვრობს.
გიორგი ბირბიჩაძე ლილოში მდებარე თბილისის მიუსაფართა თავშესაფარსაც ეწვია, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. საცხოვრისში ამჟამად 118 ადამიანი ცხოვრობს. ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას; მათ 5 სოციალური მუშაკი და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი ემსახურებათ.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან გოჩა მინდიაშვილთან ერთად დეტალურად ისაუბრეს საცხოვრისსა და თავშესაფარში არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.