თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ ახალი წელი სსიპ “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” თანამშრომლებს მიულოცა, ადამიანებს, რომლებიც ყოველი ახალი წლის ღამეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.
გიორგი ბირბიჩაძე მის სამაჟორიტარო ოლქში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-3 რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ჯამში 82 ადამიანია დასაქმებული.
„ყოველი ახალი წლის ღამეს ეს ადამიანები ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას და ეხმარებიან სხვებს, იბრძვიან სხვისი სიცოცხლეების გადასარჩენად. სწორედ ამიტომ, მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო ახალი, 2018 წელი. ასევე არიან „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და შპს „თბილსერვისი“-ს თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან ჩვენს დედაქალაქს, მათაც გამორჩეულად ვულოცავ ახალ წელს.
მინდა, რომ 2018 წელი იყოს მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი! ჩვენი დედაქალაქი 2018 წელს განსაკუთრებულად ხვდება და მჯერა, ეს წელიწადი განსაკუთრებული იქნება თითოეული თბილისელისთვისაც,“ - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გაძლიერება 2018 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.