თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა. მან ფინანსური დოკუმენტით გათვალისწინებულია პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრების განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ყველა მოთხოვნილებებს და საჭიროებებს პასუხობს, რაც ქალაქში დგას. კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, კომისიამ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული იურიდიული შენიშვნები გამოთქვა. პროცედურის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომისია ამ შენიშვნებს გაუგზავნის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რომელიც თავის მხრივ, კომისიების დასკვნებს საკრებულოს თავმჯდომარეს გაუგზავნის. ამის შემდეგ, საკრებულოს შენიშვნებით, ბიუჯეტის პროექტი დაბრუნდება მერიაში. დეკემბრის დასაწყისში კი, მერია წარმოადგენს დაზუსტებულ ბიუჯეტს, სადაც საკრებულოს შენიშვნები ასახული იქნება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს ფრაქცია „თბილისის“ შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ეს არის ახალი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შევა სამი წევრი: ზაზა მამალაძე, ვაჟა ოთარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს, შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს.