თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში, იმ მოქალაქეების მიღება გაიმართა, რომლებიც კომისიას სოციალურ ქსელ „Facebook“-ში არსებული ოფიციალური გვერდის „Tedo Kobakhidze Official”–ის საშუალებით დაუკავშირდნენ.
აღნიშნული ოფიციალური გვერდი, სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე თვეა არსებობს. მისი საშუალებით მოქალაქეები, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე უკავშირდებიან.
საკრებულოში მისული მოქალაქეები კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ მიიღო. შეხვედრისას კობახიძემ მოქალაქეთა საჭიროებების, ინიციატივებისა და წინადადებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.
მიღებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ბეგიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც მესხთა სამართლებრივი უფლებების დაცვისა და რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობს. ბეგიაშვილი თედო კობახიძეს გლდანის რაიონში მცხოვრები მესხების საკითხზე და მათ საჭიროებებზე ესაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბეგიაშვილს უშუამდგომლა და ის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ზაალ სარაჯიშვილს შეახვედრა.
სოციალური ქსელის საშუალებით კომისიასთან დაკავშირებულმა მოქალაქეებმა მიღებაზე აღნიშნეს, რომ გვერდის „Tedo Kobakhidze Official”–ის მეშვეობით, ისინი მათთვის საინტერესო საკითხებზე დროის უმოკლეს ვადაში ახერხებენ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასთან დაკავშირებას, რაც მათ ურთიერთობას კომისიასთან უფრო გამარტივებულს და ხელმისაწვდომს ხდის.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი „Tedo Kobakhidze Official” უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და მისი საშუალებით მოქალაქეები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე უკავშირდებიან.