თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ სხდომაზე წარადგინა მუნიციპალური ავტობუსების(M3 კატეგორია) და მეტროსადგურების მგზავრობისთვის გათვალისწინებული სამგზავრო შეღავათიანი ბარათებით უკანონო სარგებლობის შესახებ სანქციების გამკაცრების პროექტი. კერძოდ, ასეთი სახის დარღვევისთვის აქამდე მოქმედი 5-ლარიანი ჯარიმა ბარათის 6-თვიანი გაუქმებით იცვლება. იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ეს პროექტი დადებითად შეაფასა. კომისიის წევრი ვახტანგ შაქარიშვილი კი გამოვიდა წინადადებით, რომ ამ კუთხით სატრანსპორტო კომპანიამ მონიტორინგი გააძლიეროს.
კომისიის სხდომაზე „მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-94 დადგენილებაში შესატან ტექნიკურ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ასევე, სამშენებლო ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესის და ოდენობის ცვლილების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების ძალადაკარგულად გამოცხადებას დაუჭირეს მხარი. ეს საბჭო მერიის სათათბირო ორგანო გახდა და მისი ხელახალი დამტკიცება მერის ბრძანებით ხდება.
სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და თბილისის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხებს.