თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსად გიგა გიგაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად ირაკლი გვილავა, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად რუსუდან მირზიკშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
კომისიის წევრები ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ცვლილების მიზეზით დაინტერესდნენ. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა ამ თანამდებობაზე ვახტანგ ჯოხაძე წარადგინა, თუმცა კანდიდატურა შეიცვალა. როგორც კომისიის წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ განუმარტა, ვახტანგ ჯოხაძის შემთხვევაში ინტერესთა შეუთავსებლობა იყო კერძო სექტორსა და მერიის სამსახურს შორის. მისივე თქმით, ჯოხაძე ექსპერტის რანგში გააგრძელებს თანამშრომლობას მერიასთან.
კომისიის წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს.