თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. პროექტის თანახმად, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა, აქამდე არსებული თანადაფინანსების წესის ნაცვლად, იმოქმედებს ახალი წესი. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ ძირითად სამუშაოებს რაიონული გამგეობები სრულად დააფინანსებენ. ამხანაგობას კი ეკისრება ვალდებულება, დამტკიცებული პროექტის ღირებულების 10% შეაგროვოს და ამხანაგობის საჭიროებების შემდგომში განხორციელების მიზნით თავის ანგარიშზე ასახოს.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის მთავრობის რეგლამენტში და თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესში შესატან ტექნიკურ ცვლილებებს.
კომისიის წევრებმა ასევე თანხმობა მისცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.