თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრებმა ხმაურზე გარკვეული რეგულაციების დაწესების თაობაზე თევდორე კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.
აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ბაზაზე პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თავმჯდომარეობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის 6 იანვარს შეიქმნა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა ლევან გოგიჩაიშვილმა გახსნა და სიტყვა კანონპროექტის ინიციატორს, თევდორე კობახიძეს გადასცა.
საკრებულოს წევრმა შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის არსი გააცნო და აღნიშნა, რომ არსებული რედაქციით დოკუმენტი ხმაურზე სანქციების, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 500 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000 ლარიდან დაწესებას ითვალისწინებს.
თევდორე კობახიძემ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციების თაობაზე მოკლე ანალიზი გააკეთა და განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, ხმაურზე შესაბამისი რეგულირების დაწესებას ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ავალდებულებს.
საკრებულოს წევრის თქმით, კანონპროექტის შესაბამისად, ხმაურზე რეგულაციებს კონტროლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტის საბოლოო სახის დადგენამდე კანონპროექტზე მუშაობა აღნიშნულ ფორმატში გაგრძელდება და ის საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024