თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი იყო განხილული. დეპუტატებს საკითხები კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ გააცნო. პირველ საკითხად სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და მათი განხორციელების წესების დამტკიცება გავიდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გუდაურის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული 2059 კვ.მ და 9 935 055 კვ.მ არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემა.
დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის სახელმწიფოსთვის უსასყიდლო უზურფრუქტით გადაცემის საკითხზეც იმსჯელეს. კერძოდ, მიცკევიჩის ქუჩა N29–29ა–ში მდებარე ფართების გადაცემა სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდისთვის“, ა(ა)იპ „თბილისის პორტალისთვის“, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოსთვის, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისთვის“. განხილული იყო ქვემო ალექსეევკის დასახლებაში არსებული 15 378 კვ.მ ფართის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული რამდენიმე კომპანიის ლიკვიდაციის თემა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა.