28 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიასა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ და ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა მოაწერეს.
მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, იურიდიულ სფეროში თანამშრომლობას, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთობლივი ინიციატივის შემუშავებას, ადვოკატის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვას და უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
“მემორანდუმის ხელმოწერით თანამშრომლობა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან“ კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ასოციაცია საკრებულოს ოფიციალური მეგობარი იქნება და ამ თანამშრომლობით, სამართლებლივი კუთხით როგორც დედაქალაქში ასევე სრულიად საქართველოში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თევდორე კობახიძემ.