17 თებერვალი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოქალაქეების ტრადიციული მიღება გაიმართა, რომლის დროსაც მოსახლეობას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე პირადად შეხვდა და მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მიღებისას, საკითხების დეტალურად გაცნობის შემდეგ, თევდორე კობახიძემ რამდენიმე მოქალაქეს იურიდიული კონსულტაცია ადგილზევე გაუწია.
გარდა ამისა, დეპუტატმა ასევე მოისმინა თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებთა სახელით მიღებაზე მისული წარმომადგენლების მიერ დაყენებული საკითხები და ვითარების უკვეთ გარკვევის მიზნით მათ ადგილზე მისვლას და საკითხის პირადად შესწავლას დაპირდა.
იურიდიულ საკითხთა კომისიაში მისულმა მოქალაქეებმა თევდორე კობახიძეს დახმარება და შუამდგომლობის გაწევა უკანონო მშენებლობებთან, იურიდიული კონსულტაციის გაწევასთან, ხმაურთან და გამოსახლებასთან დაკავშირებულ, მიწის ლეგალიზაციასთან, სხვადასხვა ყოფითი შინაარსის და პირადი საკითხების ირგვლივ სთხოვეს.
მიღების დასასრულს, თევდორე კობახიძემ აღნიშნა, რომ იურიდიულ კომისიაში მოქალაქეების მიღება რეგულარულად მიმდინარეობს. მიღებაზე მისული მოქალაქეების მიწოდებულ მასალებს კი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ახლაც დეტალურად შეისწავლის და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.