30 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თევდორე კობახიძემ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სხდომებისა და განხილული საკითხების, განცხადებების, განხორციელებული კანონპროექტებსა და ღონისძიებების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომისიამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩაატარა 54 სხდომა და განიხილა 411 საკითხი. ამავე პერიოდში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში შესულია 824 განცხადება და წერილი, რომლებზეც კანონშესაბამისი რეაგირება განხორციელდა. კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა ზეპირი იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს ასობით მოქალაქეს.
თევდორე კობახიძის ანგარიშში საუბარია ღონისძიებებზე, რომლებიც პირადად მისი ინიციატივით და ძალისხმევით საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სწორად და გამართულად ფუნქციონირებისთვის განხორციელდა.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იურიდიულ საკითხთა კომისიაში აღმოიფხვრა მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხის გაცემის მანამდე არსებული მანკიერი პრაქტიკა- განმცხადებელთათვის წერილების უკან დაბრუნება, საკითხის განხილვაზე საკრებულოს არაუფლებამოსილების საფუძველზე მითითებით.
„დღეს ყველა მოქალაქეს ამომწურავად ეცნობება განცხადებაში მოთხოვნილ საკითხზე პასუხი, ასევე საჭიროებისა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ხდება გადამისამართება უფლებამოსილ ორგანოებში“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით შემუშავებულია იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის ახალი ფორმა და ადრე არსებული, მხოლოდ საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შაბლონის ნაცვლად დღეს იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნა აღწერილობითი, სამოტივაციო, სარეზოლუციო და დადგენილებითი ნაწილებისგან შედგება.
კომისიის თავმჯდომარის ანგარიშში ასევე საუბარია სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნილ ოფიციალურ გვერდზე „Tedo Kobakhidze Official“, რომლის მიზანიც მოსახლეობასთან, მუდმივად კომუნიკაციაში ყოფნაა.
ანგარიშის წარდგენისას თევდორე კობახიძემ ისაუბრა რეგულარ გასვლით შეხვედრებზე თბილისის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობასთან, საკითხების ადგილზე გაცნობის მიზნით, რომელთა შემდეგაც, რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მოსახლეობის დახმარების გზებზე ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ანგარიშში ასევე მოყვანილია ვრცელი მონაცემები იურიდიული კომისიის მიერ მოქალაქეთათვის გაწეული კონკრეტული დახმარებების შესახებ, ჩამოთვლილია საკანონმდებლო ინიციატივები და პროგრამების პროექტები, რომელთა შემუშავებაში კომისიამ მონაწილეობა მიიღო.
ანგარიშში დაწვრილებით არის საუბარი იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმებზე.
ანგარიშში ასევე მოყვანილია დაწვრილებითი მონაცემები თევდორე კობახიძის, როგორც „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომისიის თავმჯდომარის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებას „საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების თაობაზე“.
საკანომდელო საქმიანობის გარდა ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ის საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლებიც იურიდიულმა კომისიის თავმჯდომარის შუამდგომლობით 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასახმარებლად განხორციელდა.
ანგარიშის პრეზენტაციის დასასრულს თევდორე კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას კომისიის მუშაობის სამომავლო გეგმები გააცნო.