16 თებერვალი 2018
თბილისის საკრებულოში ხუთი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა, რომელმაც განმარტა, რომ ამ ცვლილებებს ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს. ერთი მხრივ, ეს არის 2017 წლის ბიუჯეტიდან გარდამავალი ნაშთი 34 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის გრანტი. გაიოზ თალაკვაძის თქმით, ამ თანხის ძირითადი ნაწილი თბილისისთვის 100 ახალი ავტობუსის შეძენას მოხმარდება.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ და ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს“ დაფუძნების, ასევე თბილისის მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის დებულებებში შესატან ცვლილებებს, რაც თბილისის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულმა რეფორმამ განაპირობა. ამ ცვლილებების თანახმად, გარკვეული ფუნქციების რამდენიმე სამსახურს შორის გადანაწილება მოხდა.
დღესვე კომისიების სხდომაზე თბილისის ის 14 ცენტრალური ქუჩა განისაზღვრა, რომლებზეც მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებს მხოლოდ წინასწარ დადგენილ ადგილებზე შეეძლებათ გაჩერება. აღნიშნული რეგულაცია ასევე რუსთავი-თბილისის ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებზეც გავრცელდა.
დეპუტატებმა ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის და გეგმარებითი დავალების რამდენიმე პროექტს თანხმობა მისცეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021