დედაქალაქის მთავრობა უძრავი ქონების ხანგრძლივი დროით მოსარგებლე ოჯახებისთვის ფართების პრივატიზებას განაგრძობს.
თბილისის საკრებულოში დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა, ჩუღურეთის რაიონში, აჭარის 10 ნომერში მცხოვრები რამდენიმე ათეული ოჯახისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, უძრავი ქონების გადაცემას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.
გარდა ამისა, კომისიაზე დიდი დიღმიდან თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმართულებით ახალი მარშრუტის დანიშვნაზე იმსჯელეს.
ასევე ცვლილებებია მიკროავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ახალი ხაზების დამატება და სავაჭრო ცენტრების მიმართულებით მარშრუტების გაგრძელება იგეგმება.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილის დანიშვნას თანხმობა მისცეს.
კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ილია ელოშვილი კვალიფიციური კადრია და მისი გამოცდილება აუცილებლად წაადგება დედაქალაქს.
კომისიის წევრებმა საკრებულოს დადგენილების პროექტს, რომელიც ე.წ. ზონალური საბჭოს დებულების ძალადაკარგულად გამოცხადებას გულისხმობს, მხარი დაუჭირეს.