თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების თაობაზე შემუშავებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს სხვადასხვა კომისიებისა და ფრაქციების, ასევე შსს სამინისტროს, მათ შორის, საპატრულო და 112-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განმარტა, აქამდე საზოგადოებრივ სივრცეებში ხმაურს მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებდა, თუმცა მისი მუშაობა არაეფექტიანი იყო, რადგან არ არსებობდა ჯარიმები. კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში კი მსგავს ქმედებებს კონტროლს საპატრულო პოლიცია გაუწევს და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სწორედ ისინი დააჯარიმებენ.
კომისიის თავმჯდომარემ ხმაურის აკრძალვის დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, განსაზღვრული იქნება დეციბალები, კერძოდ, დღის საათებში, დილის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე დასაშვები იქნება 40 დეციბალამდე ხმაური, ხოლო ღამის საათებში 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე 30 დეციბალი.
მისივე თქმით, შემოღებული იქნება საჯარიმო სანქციები, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ფიზიკური პირებისათვის დღის განმავლობაში ჯარიმა ერთჯერადად დაწესდება და ის 150 ლარს შეადგენს, ხოლო საღამოს საათებში თანხა 300 ლარამდე გაიზრდება. იურიდიული პირებისათვის პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა დღის საათებში 500 ლარი იქნება, ხოლო ღამის საათებში 1 000 ლარი. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ განმეორების შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება.
საკრებულოს დეპუტატებმა და დამსწრე საზოგადოებამ კანონპროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა დაჯარიმის ფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივებით გამოვიდნენ.
როგორც თედო კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი საკრებულოს ყველა კომისიასა და ფრაქციას გადაეგზავნება და მისი დამუშავება ორი კვირის განმავლობაში მოხდება.
საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის შესწორებულ ვარიანტს დეპუტატები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 5 მარტის სხდომაზე განიხილავენ.
დასრულებული ვარიანტი განსახილვლელად პარლამენტს გადაეგზავნება.