თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს დეპუტატებთან, ნინო ლაცაბიძესა და ირაკლი ზარქუასთან ერთად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ჯაყელი და მიხეილ მაღლაკელიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვისა და ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრეს.
როგორც შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა, ტექნიკურმა მრჩეველმა ჟოლტ დუდაშმა განაცხადა მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, არამედ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაც.
შეხვედრის ფარგლებში, გამოითქვა მოსაზრება ტრენინგ მოდულების შექმნისა და მისი აქტიური განხორციელების აუცილებლობის შესახებ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შემოთავაზება, რაც ორგანიზაციის მხრიდან გაჟღერდა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ტრენინგების საშუალებით ერთის მხრივ მოვახდენთ დასაქმებულთა უფლებების დაცვის უკეთ რეალიზებას და მათი ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის გაზიარების ამაღლებას მშრომელთა უფლებების დაცვის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს უწყებათა შორის აქტიური კოორდინაციის აუცილებლობის და მჭიდრო კომუნიკაციის საჭიროების შესახებ.
ნინო ლაცაბიძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას მოწოდებული სახელმძღვანელოებისა და აქტიური თანამშრომლობისათვის.
ირაკლი ზარქუამ კი სტუმრებს მიმართა და საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და გაუმჯობესების მიმართულებით მათი წვლილის შესახებ ისაუბრა.