თბილისის საკრებულოში გამართულ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის და განათლებისა და კულტურის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (მუნიციპალური ინსპექციის უფროსი) თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნის საკითხი განიხილეს. აღნიშნული საკითხი კომისიების წევრებს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარუდგინა.
დღევანდელ სხდომაზევე დეპუტატებმა იმსჯელეს სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესში ცვლილებების შესახებ.
ცვლილების მიხედვით სარეიტინგო ქულა, რომელიც განსაზღვრული იყო 70 ათასით და ქვევით, 150 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის სწავლების საფასურის გადახდა გახდება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად გამოყოფილია 1 მლნ 300 ათასი ლარი.
ამასთან ერთად, ცვლილება შედის ასევე არა სოციალურად დაუცველი სტუდენტების წახალისების წესშიც, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს, რომლებიც 6 თვე არიან რეგისტრირებულები მუნიციპალიტეტში, მაგისტრატურის ეტაპზე სწავლობენ და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით ( 91 დან 100 ქულამდე აკადემიურ მოსწრება) ყველა საგანში, სწავლების გადასახადის ნაწილი დაუფინანსდებათ. აღნიშნული საკითხები დეპუტატებს მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე, ასევე იმსჯელეს დედაქალაქში სხვა და სხვა მისამართზე არსებული შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერისა და არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხზე შეთანხმდნენ. აღნიშნული საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.