დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცამეტ საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი, რომლის თაობაზე ინფორმაცია განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წარმოადგინა.
აღნიშნული წესი თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურული ღონისძიებები“, „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში შესასრულებელი პროექტების განხორციელების წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს.
საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდმჯდომარედ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ საკრებულოს წევრების-მამუკა ახვლედიანისა და სევდია უგრეხელიძის არჩევის საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ქარცივაძემ სხდომის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს აპარატში სატელეფონო კავშირით სარგებლობის ხარჯისა და თბილისის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების განკარგულებებში ცვლილების შეტანის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის 2017 წელს შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის ხელშეკრულებით ასაყვანად წლიური სახელფასო ლიმიტის დაწესების საკითხები წარუდგინა.
დღესვე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, ასევე „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესებში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლებსაც დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის განსაზღვრის, ასევე თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადისა და თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე საკრებულოს დადგენილებებში ცვლილების შეტანის საკითხებს. სხდომაზე აგრეთვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის, ასევე M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის საფასურის ანაზღაურების საკითხებსაც.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წამომადგენლები ესწრებოდნენ.