თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
გაერთიანებული სხდომა ორი კომისიისთვის საერთო განსახილველი საკითხებით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის დანიშვნაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
საკითხი სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის წარმომადგენელმა გოგა მამფორიამ წარადგინა, რის შემდეგაც სამომავლო გეგმებსა და ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის წინაშე მდგარი გარკვეული პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე თავად კანდიდატმა ისაუბრა.
დეპუტატებმა მამუკა მუმლაძეს დამატებითი კითხვები დაუსვეს, რის შემდეგაც მისი დანიშვნის საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
გაერთიანებულ სხდომაზე ასევე თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი სხდომაზე მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ სოფო გიგანმა წარმოადგინა.
საკითხს ორივე კომისიის დადებითი რეკომენდაციების საფუძველზე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
სხდომაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა, კომისიის წევრებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შ.პ.ს. სატრანსპორტო კომპანიას შორის ,,თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშრებით“ ქვესასესხო და ასევე თანხის გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საკითხზე კომისიის წევრებმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს, ხოლო მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს ნინო სულხანიშვილს მოუსმინეს.
დღესვე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათითაშვილმა თბილისში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებითა და იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე თერთმეტი საკითხი წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოქალაქეების განცხადებები განიხილეს და
ყველა წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.