თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილედ სოფიო ხუნწარიას დანიშვნას დაუჭირეს მხარი. საკითხი კოლეგებს კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში შესატან ცვლილებას მისცეს დადებითი რეკომენდაცია. ცვლილების თანახმად, გენდერულ საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, საჭიროების შემთხვევაში კი მის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს კურირებენ, დავალება მიეცათ. როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე უნდა გაჩერდნენ.
კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით პრივატიზების და უზურფრუქტის წესით გადაცემის საკითხსაც.
კომისიის სხდომას შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.