თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრების გარდა, სხდომას, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების, ბაგა-ბაღების მართვისა და ქონების მართვის სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა, სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთ აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესზე იმსჯელეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს თემურ თორდინავას მოუსმინეს. დეპუტატებმა, სააგენტოს ხელმძღვანელს კითხვები დაუსვეს, რომელთაც თემურ თორდინავამ ამომწურავი პასუხები გასცა. კენჭისყრის შედეგად, საკითხმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი რეკომენდაცია მიიღო.
საკითხი „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებსა და თბილისის მთავრობას და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცებაზე ეკოპოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკა ბურდილაძემ წარადგინა.
გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს ზაზა ცინაძეს მოუსმინეს, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე ისაუბრა. წარმოდგენილ საკითხთაგან ერთ-ერთი ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნებას ეხებოდა.
საკითხი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის დახურულად გამოცხადების შესახებ კომისიის წევრებს მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში ავთო ხარატმა გააცნო.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ დანარჩენ ექვს საკითხზე კომისიის წევრებმა თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს. დღის წესრიგით გათვალისწინებულმა საკითხებმა განხილვის შედეგად, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ, იურიდიული კომისიის დადებითი რეკომენდაცია მიიღეს.