თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც კომისიის წევრებმა ფართების პრივატიზების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ბაგების სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადება განიხილეს.
საკითხი კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ წარუდგინა. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ათმა ოჯახმა ფართების დაკანონების თხოვნით იურიდიულ საკითხთა კომისიას განცხადებით მიმართა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბაგების სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები მოქალაქეები ამ ფართებს უკვე რამდენიმე ათწლეულია ფლობენ.
საკითხის განხილვას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნანა ბორცვაძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მათიაშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე განმცხადებლებისთვის აღნიშნული ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, სსიპ ქონების მართვის სააგენტო განმცხადებლებს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარებას გაუწევს, რის შემდეგაც მათ უკვე ფართების დაკანონების შესაძლებლობა მიეცემათ.