07 ივლისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს.
მოუსმინეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატს გაიოზ თალაკვაძეს და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით, პროექტის განსახორციელებლად, სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი თბილისში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებითა და იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმოუდგინა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.