თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრების გარდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიცირებული ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ კომისიის წევრებს სამინისტროს ინიცირებული ცვლილებები და მათზე გაცემული რეკომენდაციები კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, საკითხმა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი რეკომენდაცია მიიღო.