თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის სევდია უგრეხელიძის ფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაწევრიანებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს და ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცვლილებას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე თანხმობა მიეცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-60 დადგენილებაში ცვლილების“ შეტანას, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილებას.
სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიამ დედაქალაქის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
კერძოდ, ა(ა)იპ ,,თბილისის კულტურულ ღონისძიებების ცენტრის“ საკრებულოს 2016 წლის 25 ნოემბრის განკარგულებით, ლიკვიდაციამ ცენტრის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისათვის გადაცემა განაპირობა. შესაბამისად, დადგა აღნიშნული სამსახურის სტრუქტურული ცვლილების საკითხი და მის პირვანდელ ფუნქციას ა(ა)იპ ,,თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ ფუნქციები დაემატა.
კომისიის სხდომაზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდა, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ფუნქციებსა და კომპეტენციებზე იმსჯელეს.
დებულებასთან დაკავშირებით საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მხრიდან შენიშვნები გამოითქვა, რომლებიც მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გაითვალისწინა.
კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის განხილვა შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა სხვადასხვა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და ასევე იჯარის ფორმით გადაცემის საკითხებს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.