თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ კანდიდატურას, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ განსახილველად დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო. ბიუჯეტის ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება და იგი კვლავ 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს, მაგრამ ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება. ბიუჯეტში ცვლილებები გადასახდელების ნაწილში თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სხდომაზე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიებისთვის ფინანსური ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
ამასთანავე, საკრებულოს წევრებმა მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინეს. ცვლილებების თანახმად, იცვლება დადგენილების სათაური და მასთან შესაბამისობაში მოდის დადგენილების რიგი ნორმები. ასევე, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების საფასური განისაზღვრება.
ამას გარდა, ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში. ცვლილებები ხორციელდება „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებასა და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით, ცვლილებები ხორციელდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში.
დღესვე, კომისიის წევრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს, რის შემდეგაც „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ცვლილებებს გაეცნენ.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებზეც იმსჯელეს, რომლებიც მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა. ასევე, დეპუტატებმა პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხებიც შეათანხმეს.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ „სსიპ ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლისთვის ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.