თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა მოისმინეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
ანგარიში სტრუქტურული ერთეულებიდან, რაიონის გამგეობებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციისა და საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით მომზადდა. იგი მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების, სსიპ-სა და ააიპ-ის ბიუჯეტების შესრულების წლიური მაჩვენებლების, სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი თბილისის №218 საჯარო სკოლისათვის რუსტამ ისაევის სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებების შეტანის საკითხზეც, რომლებიც სკრინინგსა და ტრანსპლანტაციას ეხება.
კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სხვა და სხვა მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის იჯარის ფორმით გადაცემისა და პრივატიზებების შესახებ.
განიხილეს სსიპ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ საკითხი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის და ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების - ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებები ცნობად მიიღეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაციები მიეცა.