თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ბაჩო აბულაძეს, სსიპ- ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსს,ნინო კვეტენაძეს და კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძეს მოუსმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, 33 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის სატრანსპორტო მიმართულების საკითხებზე, ქონების იჯარით გაცემასა და სიმბოლურ თანხად დაკანონებაზე.
„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილ საკითხზე, რომელიც ტაქსების რეგულაციას, ათეულობით ქონების იჯარით გაცემას და სიმბოლურ თანხად დაკანონებას ითვალისწინებს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც 10-15 წელია შეჭრილები არიან საცხოვრისში, მათ სიმბოლურ თანხად 1 ლარად ვუკანონებთ ქონებას. დღესვე ვიმსჯელეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, თბილისში N1,N2,N3 კატეგორიის სატვირთო ავტომობილებიდან კომერციული საქმიანობის განხორციელება აიკრძალა. საკითხზე ზედამხედველობა თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურს დაევალა, რომელის მიერ ოქმის შედგენის, ჯარიმისა და საურავის გამოანგარიშების ფორმულაა ინიცირებული“, -განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.