თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგებლებთან და გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების დაკანონების და ე.წ. შეჭრილების დაკმაყოფილების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, საკრებულოსა და მერიისთვის საინტერესოა გამგეობების პოზიცია და მოსაზრებები ამ საკითხების უფრო ეფექტიანად გადაჭრის მიზნით.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ე.წ. შეჭრილების უძრავი ქონებით უზრუნველყოფა რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. საინტერესოა, გამგეობების წინადადებები და შეთავაზებები ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომ როგორც მოსახლეობის, ასევე მუნიციპალიტეტის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.
სამუშაო შეხვედრაზე კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს და შემდგომი შეხვედრის გეგმა დასახეს.