თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიაზე დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატთა კითხვები უკავშირდებოდა თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის ცვლილებას. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დასმულ კითხვებს დეტალურად გასცა პასუხი. მან განაცხადა, რომ ცვლილება გამოწვეულია ტენდერებიდან მიღებულ ეკონომიით. მისი განმარტების თანახმად, ცვლილება ეხება მხოლოდ მუხლებს შორის თანხის გადატანას, და დაზოგილი თანხის მიზნობრიობა კვლავ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა კეთილმოწყობა იქნება.
სხდომაზე განხილული იყო განათლების სფეროს სხვა საკითხებიც. კითხვები უკავშირდებოდა თბილისის მერიის იურიდიულ კლინიკას, პროფესიულ განათლებას, ზრდასრულთა განვითარების ხელშეწყობასა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დანიშნულებას, თბილისის ხელისუფლების მმართველობაში მისი გადმოსვლის შემდეგ. აღნიშნულზე დეპუტატებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საქალაქო სამსახურის უფროსისგან.
დღევანდელი სხდომის კიდევ ერთი საკითხი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ - თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასთან ერთად იქნა განიხილული. დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქალაქ თბილისის ხელისუფლებას გადასცემს თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების, მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დოკუმენტაციისა და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების წარმოებისა და სანებართვო კონტროლის უფლებამოსილებებს. დეპუტატებმა ხელშეკრულებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკრებულოს მიერ შემდომში დასამტკიცებლად.