თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე, ბიზნესომბუდსმენთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
„დღევანდელი შეხვედრა მუნიციპალიტეტის დონეზე ბიზნესის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ეძღვნება. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მცირე და საშუალო ბიზნესი საკმარისად არ არის განვითარებული. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამიტომ მოვიწვიეთ ბიზნესომბუდსმენი, რომ ამ საკითხზე თანამშრომლობაზე შევთანხმდეთ,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა.
ბიზნესომბუდსმენმა ამ ინსტიტუტის ფუნქციებზე ისაუბრა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე ინიციატივა დააყენა. მათ შორისაა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების გაწევა, რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატს შეუძლია.
„მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაღალ დონეზე კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ამ კუთხით საკონსულტაციო მომსახურება აქტუალურია. ეს ადგილობრივი ბიზნესის და ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივაც დააყენეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ ქართული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობისთვის თბილისში გამოფენა-გაყიდვისთვის ადგილის გამოყოფის საკითხზე ისაუბრა. რიმა ბერაძემ და ნინო ლაცაბიძემ კი თბილისის რაიონების დონეზე ბიზნესომბუდსმენის და მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრების გამართვის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ მხარეები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024