დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი გვილავას ნაცვლად, მისი ადგილმონაცვლის რატი იონათამიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი წარუდგინა.
თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის ტერიტორიაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების პრივატიზების, პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემისა და პირდაპირი მიყიდვის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებული შვიდი საკითხი წარუდგინა.
მათ შორის, კომისიის წევრებმა გორგასლის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემის და შპს „ელზუროსთვის“ გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს.
თევდორე კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის შპს „ელზუროსთვის“ გადაცემით განხორციელდა ადგილმონაცვლეობა, რომლის თანახმადაც, პეკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საბავშვო ბაგა-ბაღის „საპოვნელა“ შენობის ადგილზე მრავალსართულიანი შენობა აღარ აიგება, რაც პეკინის ქუჩის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითაა განპირობებული.
კარლო ლაფარაძემ დეპუტატებს აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხი წარუდგინა.
როგორც ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ასაგებად არის განკუთვნილი, რომელიც მახათას მთაზე განლაგდება.
დღესვე დეპუტატებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების ახალი წესის თაობაზეც იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ გააცნო.
მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული წესი დედაქალაქში რეგისტრირებულ იმ პირთა სწავლის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს, რომლებიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს წარმოადგენენ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთაინ ბაზაში“ არიან რეგისტრირებულნი და 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული.
ზაზა ცინაძის განცხადებით, აღნიშნული წესი სოციალურ კომპონენტებთან ერთად განათლების მიმართულების გაძლიერებასაც ითვალისწინებს, რაც დაფინანსების გაცემის პროცესში არა მხოლოდ სტუდენტის სოციალური სტატუსის, არამედ მისი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის გათვალისწინებასაც გულისხმობს. კერძოდ, წესის თანახმად, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სემესტრული სწავლის საფასური დაიფარება 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის, გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესებისა და სხვა საკითხების თაობაზეც იმსჯელეს.
კომისიის სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განხილული ყველა საკითხი კომისიამ დადებითი რეკომენდაციით შეაფასა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024