თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დღეს იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც კომისიას სოციალურ ქსელ „Facebook“-ში არსებული ოფიციალური გვერდის „Tedo Kobakhidze Official”–ის საშუალებით დაუკავშირდნენ.
მიღებაზე თევდორე კობახიძემ მოქალაქეებისგან მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე მოისმინა ინფორმაცია.
მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა დეპუტატს დახმარება და შუამდგომლობის გაწევა ძირითადად სოციალური, ინფრასტრუქტურული, დასაქმებისა და
სხვადასხვა ყოფითი შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვეს.
თევდორე კობახიძემ უშუალოდ მიღების დროს რამდენიმე მოქალაქეს შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა და საკითხების მოგვარება პირად კონტროლზე აიყვანა.
შეხვედრის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მიერ კომისიისთვის მიწოდებულ მასალებს საფუძვლიანად შეისწავლის და კომპეტენციის ფარგლებში, მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.
სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი „Tedo Kobakhidze Official” უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და მისი საშუალებით მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების თხოვნით მიმართონ.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში დახმარება უკვე რამდენიმე ათეულ მოქალაქეს გაეწია.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აღნიშნულ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.