თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ „საქართველოს კულტურის პალატასთან“, დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება - მომავლის გზასთან“ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების“ სახელმწიფო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია საკრებულოს შენობაში გაიმართა. მემორანდუმებს ხელი ერთის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, ხოლო მეორეს მხრივ, „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, საქველმოქმედო ფონდის „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება - მომავლის გზა“ დირექტორმა დავით კინწურაშვილმა და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების“ სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამილა ბარკალაიამ მოაწერეს.
„ჩვენ სამივე ორგანიზაციასთან არაერთხელ გვითანამშრომლია, ვფიქრობ ამ სამართლებრივად გაფორმებული დოკუმენტებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. „საქართველოს კულტურის პალატასთან“ გაფორმებული მემორანდუმი კულტურის მოღვაწეთა უფლებების დაცვას, მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწისათვის წინადადებების მომზადებას ითვალისწინებს. „მომავლის გზასთან“ ერთად კი შევეცდებით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირებს და არამარტო მათ აღმოვუჩინოთ სამართლებრივი თუ მატერიალური დახმარება.
რაც შეეხება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, აღნიშნული შეთანხმებით ერთობლივად განვახორციელებთ ამ ფონდისა და ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციართა სამართლებრივ დახმარებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“, - განაცხადა თევდორე კობახიძემ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.