თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 52 საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს განსახილველი საკითხები და თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარუდგინა.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის საკრედიტო ხაზი 12 მილიონი ლარით იზრდება და ეს თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაიწერება.
კომისიის წევრებმა მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების შესახებ იმსჯელეს, რომელიც სამსახურის უფროსმა სანდრო ტოგონიძემ წარადგინა. სტრუქტურა თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის ამოქმედებიდან გამომდინარე, ცვლილებებს მოითხოვს. ამასთან, მუნიციპალიტეტში წითელი ხაზების კორექტირება ქონების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში გადადის.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში ცვლილების მიხედვით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება მარტივდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ტაქსების რეგისტრაციის, სანებართვო ცვლილებების პროექტი წარადგინეს. სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილი ცვლილებით, მარჯვენასაჭიან ტაქსებს 2021 წლამდე გაუხანგრძლივდათ მუშაობის ნებართვა. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების გარკვეულ მიმართულებებზე ცვლილებებია, რაც ახალი ავტობუსების შემოყვანით და მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის და პარკირების საფასურის შესახებ დადგენილება წარადგინა. ეს საპილოტე პროექტია, რომელიც 1 აგვისტოდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის სხვადასხვა უბნებში ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა, მათ შორის 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების შესახებ.
კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.