თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების პროექტს. საკითხი იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა. სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსებით და მეტროთი სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ იმსჯელეს; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დადგენილებაში ცვლილების,ასევე გზების ჩამონათვალისა და მათზე საქალაქო რეგულარული გადაყვანის მიზნით, გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტები. საკითხები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა წარადგინა.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ საბა ფიფიამ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც 21-ე პრიმა მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს.
ქონების მართვის სააგენტომ თბილისის სხვადასხვა რაიონებში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.
სხდომაზე განიხილეს თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილებისთვის, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციას.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქუჩების, ხიდების, ჩიხებისა და ერთი სკვერისთვის სახელების მინიჭების საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა განსახილველ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.