თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის № 34 - 115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი მერიის საფინანსო საქალაქოს სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. პროექტის მიხედვით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 62 მილიონ 820 ათასი ლარით იზრდება. ცვლილებები, ძირითადად, სესხის სახით მოზიდული სახსრების ბიუჯეტში ასახვით ხორციელდება. როგორც საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა,ცვლილებებით, დედაქალაქის მერია შეძლებს კაპიტალური პროექტების დროულად განხორციელებას.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცალკეული ფართების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის საკითხები.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.